არასრულწლოვანთა დანაშაულობის მიზეზები და პირობები
2011-02-25, 6:06 PM

იმისათვის, რომ მივუახლოვდეთ სამართლებრივი სახელმწიფოს იდეალურ ტიპს, სხვა მრავალი ფაქტორების გადაწყვეტასთან ერთად, აუცილებელია, უპირველეს ყოვლისა, დანაშაულობის აღმოფხვრა ქვეყნის მასშტაბით. პირველ რიგში კი დიდი ყურადღება უნდა დაეთმოს არასრულწლოვან დამნაშავეებს, რომლებიც ნებსით თუ უნებლიეთ, შეგნებულად თუ გარემოების წყალობით, დამნაშავეები აღმოჩნდნენ. საჭიროა ჩავწვდეთ მათ სულიერ სამყაროს, გავიგოთ თუ რამ მიიყვანა ისინი დანაშაულებრივ ქმედებამდე. დანაშაულობის აღმოფხვრისათვის ეს არის აუცილებელი წინაპირობა, რადგანაც, როგორც ცნობილია, მოზრდები- ეს არის პროფესიული და რეციდიული დანაშაულობის რეზერვი, მარაგი.

არსებობს ავტორთა მრავალი მოსაზრება, რომლებიც არასრულწლოვანთა ასაკს სხვადასხვაგვარად განმარტავენ. როგორც ცნობილია, 1960 წლის კოდექსი პასუხისმგებლობას აწესებდა 16 წლის ასაკიდან, გამონაკლის შემთხვევებში (მკვლელობა, გაუპატიურება, აფეთქება და ა.შ.) კი- 14 წლის ასკიდან. ახალმა, 1999 წლის კოდექსმა აღარ გაითვალისწინა ამგვარი დიფერენცირება და პასუხისმგებლობის ასაკად 14 წელი აღიარა. (ზოგადი განმარტების თანახმად, არასრულწლოვანი- ეს არის პირი 14-დან 18წლის ასაკამდე.)

აღსანიშნავია არასრულწლოვანთა დანაშაულობის ის მნიშვნელოვანი დამახასიათებელი თავისებურება, რომ იგი უმეტესწილად ხასიათდება მამრობითი სქესის სამართალდამრღვევებით ანუ იგი ძირითადში იგი არის მამრობითი სქესის წარმომადგენელთა დანაშაულობა.

უპირველეს ყოვლისა, არასრულწლოვანი დამნაშავის გარკვეულ მახასიათებელს წარმოადგენს: განათლებისა და კულტურის დაბალი დონე; სწავლისადმი ინტერესის შესუსტება; ინტერესთა და მოთხოვნილებათა პრიმიტიულობა; მისწრაფება ალკოჰოლისა და ნარკოტიკებისადმი; მისწრაფება იარაღისადმი; პოზიტიური ღირებულებების არამყარობა, რაც მათ უბიძგებს ასოციალური ქცევებისადმი, მომეტებული აგრესიულობა; კომპრომისის გამონახვის შეუძლებლობა თანატოლებთან ურთიერთობაში; უხეშ ძალაზე ორიენტაცია; გამომდინარე იქედან, რომ უგულებელყოფენ სწავლას, ორიენტაცია ისეთი პროფესიების დაუფლებაზე რომელიც არ მოითხოვს დიდ განათლებას.

ჩემი აზრით კი, უპირველესი და ძირითადი მახასიათებელი არასრულწლოვანი დამნაშავის პიროვნებისა დაკავშირებულია მის ასკთან. არასრაულწლოვანი იმ ასაკში იმყოფება, რომლის დროსაც, როგორც მედიკოსები ამბობენ, ორგანიზმში ნამდვილი გრიგალია.

აღანიშნავია ისიც, რომ არასრულწლოვანთა განსაზღვრული კატეგორიისათვის დამახასიათებელია თავიდანვე დამნაშავედ ჩამოყალიბების მიზანდასახულობა. უფრო მეტიც, პროფესიონალ დამნაშავედ გახდომა მათ ოცნებას წარმოადგენს და საუბედუროდ. ზოგს მშობლები უმუშევარი ჰყავს, თავად კი ქუჩაში მათხოვრობას ქურდობა ურჩევნიათ; ასე რომ მოზარდები თავის რჩენისა და გამოჩენის იოლ, მაგრამ მართლსაწინააგმდეგო გზებს ეძებენ და პოულობენ კიდეც.

უნდა აღინიშნოს, რომ პირველი მიზეზი დანაშაულობისა არის ის სიტუაცია, რომლის გარეშეც ის ვერ წარმოიშობოდა და ვერ იარსებებდა… საზოგადოებაში ადამიანის ქცევა მისი საზოგადოებრივი აღზრდის შედეგია. ორი ადამიანი ერთნაირ ცხოვრებისეულ სიტუაციაში სხვადასხვაგვარად მოიქცევა მიღებული სხვადასხვა აღზრდის საფუძველზე. საზოგადოდ ცნობილია, რომ პიროვნების ჩამოყალიბება ოჯახიდან იწყება. ბავშვთა ბრალეულობა და დამსახურება მეტწილად მათი მშობლების სინდისზეა. ამერიკელი ფსიქოლოგი ბრაინეტ კრეტტი აღნიშნავს: "ბავშვები აკვირდებიან რა უფროსების აგრესიულობას, განსაკუთრებით თუ ისინი მათთვის მნიშვნელოვანი და ავტორიტეტული ადამიანები არიან, რომელთაც შეუძლიათ აგრესიულობის წყალობით მიაღწიონ წარმატებას, ჩვეულებრივ ირჩევენ ხოლმე ქცევის ამ ფორმას.” უდიდეს კრიმინოლოგიურ მნიშვნელობას იძენს აგრეთვე ისეთი ფაქტორიც, როგორიცაა ბავშვის აღრზდა "არასრულ” ოჯახში. მიუხედავად არაერთი ზემოაღნიშნულისა ასევეა როცა ბავშვი, რაც უფრო მატერიალურად უზრუნველყოფილ ოჯახში ცხოვრობს, მით უფრო იზრდება მისი მოთხოვნილებები.

ცნობილია, რომ ბავშვი ოჯახიდან სკოლაში მიდის. ამიტომ სასკოლო აღზრდის ნაკლოვანებები და ოჯახური აღზრდის ნაკლოვანებები ერთად ხელს უწყობს პიროვნების არასწორ განვითარებას. არასრულწლოვან სამართალდამრღვევთა 57%-ს მოსწავლეები შეადგენენ.

სასამართლო პრაქტიკის შესწავლისა და განზოგადების შემდეგ მეცნიერები მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ დანაშაული ჩადენილია ძირითადად არასრულწლოვანთა მიმართ სათანადო ზედამხედველობის არარსებობის გამო.

არასრულწლოვანთა დანაშაულობის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად გვევლინება მძიმე სოციალური პირობები. ქვეყანაში გამეფებული სიღარიბე პირდაპირ გავლენას ახდენს მოზარდების დამნაშვეებად ჩამოყალიბებაში. დღეს ბევრი მოზარდი ცხოვრობს სიღარიბეში, ბევრ მშობელს არა აქვს საშუალება ოჯახი და შვილები გამოკვებოს. ამის გამო მოზარდებს არჩევანის უფლება ეძლევათ: ან იმუშაონ, ან საზრდო ქუჩაში მოწყალების მიღების გზით მოიპოვონ, ან დანაშაულებრივ გზას გაჰყვნენ ან პროსტიტუციას მისდიონ. დავიწყოთ იქედან, რომ დღეს სამუშაოს პოვნა არათუ არასრულწლოვანს, არამედ გამოცდილ და პროფესიონალ მუშაკსაც უჭირს. რჩება ორი რეალური გზა: დანაშაული და პროსტიტუცია.

დამნაშავედ ჩამოყალიბების ყველაზე დიდი "შანსი” აქვს იმ მოზარდს, რომელიც ქუჩაშია, რადგან ქუჩაში ცხოვრება ნიშნავს ზღვარზე ცხოვრებას: ზღვარზე სიგიჟესა და ნორმას შორის. და რაც მთავარია, ალკოჰოლი და ნარკოტიკები დამღუპველად მოქმედებს მოზარდის ფსიქიკაზე. ირღვევა ტვინში შესული ინფორმაციის დამუშავების პროცესები. ჩატარებული გამოკვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ შეკითხვაზე, სვამენ თუ არა სპირტიან სასმელებს, დადებითი პასუხი გასცა სკოლიდან განთესილი მოზარდების 67%-მა, ხოლო გამოკითხული ვაჟებიდან – 78%-მა.

რაც შეეხება ნარკოტიკების მიღებას, გამოკვლევამ შემდეგი სურათი გამოავლინა: აღმოჩნდა, რომ როგორც თამბაქოს მოწევა, ისე ნარკოტიკული საშუალებებისა და ტოქსიკური ნივთიერებების მოხმარება დღეს მაღალი კლასის მოსწავლეთა შორის საკმაოდ ფართოდ არის გავრცელებული და სწრაფი ზრდის ტენდენციით ხასიათდება.

მეცნიერულ-ტექნიკურმა პროგრესმა შეიძლება ითქვას, რომ არასრულწლოვანთა დანაშაულობის ახალი დეტერმინანტების წარმოშობა გამოიწვია. მოზარდის ფსიქიკაზე ცუდად მოქმედებს ძალადობის სცენების ამსახველი ფილმები. მართალია, ზოგადად ფილმში ყოველთვის არის მოძალადის დასჯისა და დამარცხების იდეა გადმოცემული, მაგრამ ბავშვის ფსიქიკას არ ძალუძს ეს გააცნობიეროს. იგი ზედმიწევნით იმახსოვრებს ფილმში ნანახს.

საბოლოოდ შეიძლება ითქვას- მოზარდი ცდილობს გაარკვიოს- თუ რა უნდა მას სინამდვილეში და რა უნდა გააკეთოს იმისათვის, რომ მიაღწიოს იმას, რაც მას უნდა. ამ ასკში პიროვნებას საკმაოდ მაღალი, უფრო სწორად, მიუწვდომელი მიზნები ამოძრავებს. იგი ხშირად ვერ პოულობს ამ მიზნის მისაღწევად კანონიერ, დასაშვებ გზას, რადგან არ გააჩნია ამისათვის საჩირო ფული, გამოცდილება და შეიძლება ითქვას, რომ ისიც კი არ იცის, თუ რა უნდა მას სინამდვილეში. "არასრულწლოვანთა მოქმედების ფარგლები ზრდადასრულებულ ადამიანებთან შედარებით ვიწროა, ცხოვრების გამოცდილება მეტად ღარიბი. სამაგიეროდ მდიდარია მათი მისწრაფებათა და განცდათა სამყარო. იგი ახლა დგამს დამოუკიდებელ ნაბიჯებს ცხოვრებაში, ახლა ისახავს პირველ სასიცოცხლო მიზანს. მათი ხასიათი ჯერ კიდევ არაა ჩამოყალიბებული.”
კატეგორია: იურიდიული ლიტერატურა | დაამატა: gi2gi
ნანახია: 2284 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 3.6/7
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]