მთავარი » ფაილები » გასართობი

“ზოგჯერ თქმა სჯობს არათქმასა, ზოგჯერ…”
2011-02-27, 0:26 AM


"...ხოლო დუმილი ოქროჲ რჩეული"

     ”no comment”-იც კომენტარია” – ჟურნალისტური ანდაზა

      ადამიანები იღებენ სურათებს, რადგან არ ენდობიან მეხსიერებას.
      ადამიანები იღებენ სურათებს, რათა სხვებს თავიანთი ცხოვრების ერთი გამორჩეული დღე უჩვენონ.
      ადამიანები იღებენ სურათებს, იმიტომ რომ ფოტოაპარატი აქვთ.
      ადამიანები იღებენ სურათებს იმ მიზეზით, რომ საკუთარი თავის თვალიერება მოსწონთ. 
      ადამიანები იღებენ სურათებს იმისთვის, რომ მოგვიანებით ისტორია გააცოცხლონ…

    …და ბოლოს, ადამიანები იღებენ სურათებს იმიტომ, რომ შემდეგ სხვათა შეფასების მოსმენის სურვილით აღტკინებულებმა, ისინი რომელიმე სოციალურ ქსელზე ატვირთონ.
    კომენტარებიც, რა თქმა უნდა, მოდის… მოდის, მინიმუმ მეგობრებისგან და მინიმუმ, იმიტომ მაინც, რომ ”დაკომენტებას” სთხოვ. ასე - ადამიანის, ან, ვალდებულების გრძნობის იძულების გამო – შექმნილი კომენტარები კი ისეთია, რომ ნებისმიერი "პროფილის” გამოხმაურებებში შეგიძლიათ იხილოთ.  
      მათ, შორის ყველაზე პოპულარული კომენტარების ოცეული ასეთია:

    1. "ზი dzersk,  ზი tesl” – სურათზე გამოსახულია:
ა) მამრი – თავზე ბენდენით, ცეცხლის ამაგიზგიზებელი მწველი მზერით, ტანსზევით შიშველი, ხელში ფულის კუპიურებით, დანით, ლუდის ბოთლით, ან სხვა ტიპის იარაღით, ჩაცუცქული, ან გადაჯვარედინებული მკლავებით… 
ბ) მდედრი - წინ წამოწეული ტუჩებით, მოჭუტული თვალებით და ვნებიანი გამოხედვით, ხის გვერდზე მიყუდებული, ხის გრძელ სკამზე მჯდომი, სადაც ერთი ფეხი აკეცილი აქვს, და როგორც "ზეპურნი ამა სოფლისანი” იტყოდნენ "ზმანზე მდგარი”

   საინტერესოა, თვითონ ის ტენდენციაც, რომ ”ზი თესლ” უკვე დადებით შეფასებად ითვლება.  

   2. "ძალიან უხდებით ერთმანეთს” – მთავარია, რომ სურათზე გამოსახულ წყვილს ერთმანეთი უყვარდეს და მნიშვნელობა აღარ აქვს იმას, მართლა შეეფერებიან თუ არა ისინი ერთმანეთს.


    3.”აუ, ამ სურათში ძალიან მაგრად ხარ” - ქვეცნობიერი ხაზგასმა იმაზე, რომ ესა თუ ის ადამიანი, ცხოვრებაში უფრო ცუდია, ვიდრე ამ სურათზე და გამოხატვა გაკვირვებისა ასეთი სურათის გამოსვლის გამო.  

   4.”ძაან მაგარი დღე იყო” – ფოტოები ძირითადად ექსკურსიას, დაბადების დღეს, ლაშქრობას, ლოთობას, ან რაიმე მსგავსს ასახავს. ამ "ღონისძიებების” მონაწილეები გადაღებულ სურათებს საჩქარო ტემპით ტვირთავენ საიტზე და მერე ერთმანეთს უწერენ, თუ რა "საოცარი დრო გაატარეს”, სხვებს კი გული სწყდებათ, რომ "ისინიც იქ არ იყვნენ”. ხოლო, მთლად გარეშე პირები, რომელთაც ამ აქტივობებზე დასწრების შანსი საერთოდ არ ჰქონდათ, დასტურს იძლევიან, რომ მათ "მართლა მაგარი დრო უტარებიათ”

   5. "ჩემი სიცოცხლე/სიხარული/ლამაზი/ლამაზუნა/ანგელოზი ვინ არისოო?… მიკალქალ” – "დაქალთშორისო კავშირების” დამადასტურებელი ფრაზები, რაშიც კოდირებულია მოთხოვნა: "ახლა შენც შემოდი ჩემთან და იგივე გააკეთე”. მსგავსი კომენტარი ასევე აუცილებლად მოითხოვს კომენტატორის მიერ გამოხატული სიყვარულის განმამტკიცებელ გამოხმაურებას, რომ "სურათირებულის” სიყვარულიც ასევე უსაზღვროა.



   6. "მაგარი კაციიი/ქალიიი” – ამ ტიპის კომენტარებისას, სურათზე გამოსახული პიროვნება და სიტუაცია რაიმე ნიშნით გამორჩეული არ არის. ეს ის კატეგორიაა, როცა არ იცი რა დაწერო, მაგრამ მეგობრობის გამო, ამის ვალდებულება გაკისრია.


   7. "საყვარელიი” – სურათზე გამოსახულია ბავშვი, რომელიც ალბომის ავტორის შვილი, ძმიშვილი, მამიდაშვილი, ან, რაღაცნაირი ნათესავია. ხალხი კი სკანდირებს, რომ ეს ბავშვი "ძალიან საყვარელი”, ან, "ანგელოზია” და დედას/მამას/მამიდას, ან,რაღაცნაირ ნათესავს ჰგავს. 


ჩემი ფავორიტი პასუხი ამ ტიპის კომენტარებზე

   8. "მევასება ეს კაცი/ქალი/როჟა/ხალხი/ნაროდი” – სიყვარულის ახსნის ირიბი მეთოდი, როდესაც კომენტატორი უშუალო ადრესატის ნაცვლად საზოგადოებას მიმართავს.

  9. "გაკოცეეეე” – ეს ის შემთხვევაა, როდესაც ყველანაირი სათქმელი უკვე ნათქვამია, ყველანაირი კომენტარი გამოყენებული და დახარჯულია, ყველანაირი ფანტაზია ამოწურული და მეგობრებს შორის სიყვარულის დამტკიცების ერთადერთი საშუალებაღა არსებობს. კომენტარს თან "კოცნის” ვიზუალურად ასახული მხარეც, აუცილებლად თან ახლავს. თუმცა, ისეთი შემთხვევებიც არის, როცა სიტყვების ნაცვლად მხოლოდ სმაილებისღა იყენებენ.


   10. "უმაგრესი ფოტოა და შენც ძალიან საყვარელი ხარ” – მიზეზ-შედეგობრივი კავშირიდან გამომდინარე ლოგიკური კომენტარი, სადაც ერთადერთი ალოგიკური ის არის, რომ მიზეზსა და შედეგს წყობა არეული აქვთ.  

    11. "აუ, ძაან მაგარ ვიდზე ხაააარ” – სურათზე გამოსახულია შარვალ-კოსტუმში გამოწყობილი/”ჯაანმაგარსათვალეებიანი” და უცნაური ფორმის თმების მქონე, გარუჯული ბიჭი, ან, საბანკეტოდ და მსგავსი შემთხვევებისთვის სპეციალურად გამოწყობილი, იგივე ტიპის სათვალიანი გოგო. კომენტარის ეს სახეობა პირველადი შეხედვის ეფექტითაა გამოწვეული.  

   12. ლექსები – კატეგორია კომენტარისა, რომელსაც პრეტენზია აქვს იყოს განსხვავებული, მაგრამ ხშირად "პრეტენ”-ის "ფანტა”-თი შეცვლა არცთუ სახარბიელო შედეგს იძლევა:


   13. "ფოტო by me…” – სადაც, სურათის გადამღები ხარობს რა სხვათა დადებითი კომენტარებით, აღნიშნავს რომ ეს შედეგი მხოლოდ კადრში მყოფი პირის დამსახურება არ არის.

  14. "კაცი/ქალი ლეგენდა…” – კატეგორია კომენტარისა, სადაც სურათზე მყოფ პირს ფანტაზიის მრავალფეროვნების მიხედვით სხვადასხვა მეტაფორული რეგალიებით ამკობენ. მაგალითად: "კაცი – ქარიზმა, კაცი – ვნება, კაცი – გოგოების რისხვა, კაცი – მუსუსი, კაცი – საოცრება, კაცი – უბრალოდ მაგარი კაცი…” და სხვა.


   15. "ყველაზე მაგარი” – კონსტრუქცია, სადაც აღნიშნავენ, რომ ესა თუ ის პირი მსოფლიოში "ყველაზე მაგარი ტიპია”. ერთი შეხედვით, ყველაფერი კარგად არის, სანამ იგივე პირი იგივე კომენტარს კიდევ ცხრა სხვა ადამიანს არ დაუტოვებს.  ამის შემდეგ კი ის, თუ ვინ არის რეალურად "ყველაზე მაგარი” ბუნდოვანი რჩება.  

   16. "No Comment” - კომენტარი, სადაც მისი ავტორი თვლის, რომ სურათი ისედაც ყველაფერს ამბობს და ზედმეტი ხოტბა-დიდება საჭირო აღარ არის. თუმცა, ამგვარი კომენტარი ძირითადად მაინც სათქმელის არქონით არის გამოწვეული და ფოტოზე გამოსახულ ადამიანს ამაში ნაკლები წვლილი შეაქვს.

   17. "აუ რა შავი ხარ/როგორ გიხდება ზაგარი” – პოსტ-სექტემბრისეული კომენტარები, სადაც ფოტოს ავტორი თავისი ნარუჯით ამაყობს და უნდა, რომ ეს სიამაყე სხვათა აზრებითაც განიმტკიცოს.

   18. "რაღაცნაირი კომენტარები” - სმაილებითა თუ ათასი მასალით აგებული კონსტრუქცია, რომელიც კომენტარის ავტორის სურათზე გამოსახული პირისადმი უდიდესი სიყვარულის ნაცვლად უფრო მეტად იმაზე მეტყველებს, რომ მან სხვასთან ძრომიალისას ეს "რაღაც” აღმოაჩინა და აღფრთოვანებულმა, თავის გამოჩენა გადაწყვიტა.


   19. "მიყვარხააარ/გენაცვალეეე/შემოგევლეე” – უბრალოდ, გულის მგზნებარე გამოხტომების პროდუქტი, სადაც ერთ სიტყვაში მთელი გრძნობაა ჩადებული.


    20. "სად აქვთ ბიჭებს/გოგოებს თვალები?” – მაჭანკლობის ირიბი ფორმა, სადაც კომენტატორი გაკვირვებას ვერ მალავს იმის გამო, რომ მისი მეგობარი ჯერაც ეულად დაიარება და ამას სხვათა თვალების უადგილო ადგილზე ყოფნით ხსნის…


კატეგორია: გასართობი | დაამატა: gi2gi
ნანახია: 187 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]