მთავარი » ფაილები » გასართობი

თქვენმა მზემ, რა…
2011-03-24, 0:38 AM

"მაღაზიანები მაღიზიანებენ” – "ბუტკის” [გრამატიკის არმცოდნე] გამყიდველი

გაღიზიანება ორგანიზმის მახასიათებელი თვისებაა: კატას ჭერში დაკიდული ძეხვი აღიზიანებს, ღრძილს – თავწათლილი ასანთის ღერით ჩიჩქნა, "გემოვნებიან მსმენელს” – "ფულში მეტამორფოზირებული ტრულაილა”, მუწუკს – თითებით თათუნი, საცობში მდგარ მძღოლს – უკან მომდგარი მანქანის სიგნალი, მერვე სართულზე მცხოვრებ "საპირფარეშოს მოწყურებულ” ადამიანს – ლიფტის ლოდინი, მე – …

1. "ხალხ, პიპლ, ფიფლ, ლუძი”

"ხალხ, "ავღნიშნავ” არის სწორი ფორმა თუ "აღვნიშნავ?” – ენის რიგითი მოამაგე
"ო”, ღმერთო ჩემო – "წოდებითი ბრუნვის დამცველთა” აქტივისტი

"პიპლ"

მიმართვის ევოლუცია ასე თუ გაგრძელდა, მალე ალბათ, "ღმერთო”-ს  ნაცვლად "ღმერთ!”-საც გამოვიყენებთ ხოლმე და ამ ფაქტს ისევე ჩვეულებრივად აღვიქვამთ, როგორც ყოველ დილით პირის დაბანამდე "Facebook”-ის პროფილის შემოწმებაა.

ჯერ მარტო ფუძეგამომპალი მიმართვები ("ეკ, ლიკ, თიკ”)  რად ღირდა, ახლა წოდებითი ბრუნვა უკვე მათმა კრებითმა სახელმაც ("ხალხი”) რომ კატეგორიულად უარყო. შედეგად მივიღეთ ყალბი, გატყლარჭული და ისეთი ხელოვნურად შეთითხნილი სიტყვა, როგორიც "პიპლ”/”ფიფლ” (აუცილებელი პირობა: უნდა დაიწეროს ქართული ფონტით), ლЮძი (კეკლუცი იერით სათქმელი) და "წიპა”–ა (ეს აქ არაფერ შუაში არ არის, მაგრამ მინდოდა მეთქვა, რომ ბგერითი შედგენილობით ყოველთვის "წირპლის” ასოციაციას მიჩენს).

არანაირი პირადული, პიპლ… რაღაც სხვა, წიპა ბიზნესი.

2. "ამ ბიჭის ფონზე კუსკუსა ჩანთა
სასაცილოდ და ღუნღულად ჩანდა” –
გენდერის საკითხებზე მომუშავე პოეტი

ჩანთმენი

მიმართვა გოგოებს: თქვენ მოგწონთ ის ფაქტი, რომ თქვენი ყვავილებით მოხატული,  ფუმფულა და ბოწოწებიანი ჩანთა თქვენს გვერდით მომავალ ბიჭებს მოაქვთ ხოლმე?

სიყვარულო ძალსა შენსა… მაგრამ,  ხანდახან მართლა სასაცილოა, როდესაც ქუჩაში ევერესტივით ბიჭი მიდის და იღლიაში თანმხლები გოგოს პატარა ჩანთა აქვს ამოკოსებული. ასეთ დროს, ყოველთვის მინდა მივიდე და ვკითხო, ჩანთის სიმძიმისა და გოგოს მხრის "აწევითი ძალების” თანაფარდობის შესახებ, მაგრამ "არამკითხე მოამბეს” შეცდომიდან გამომდინარე, აუტკივარ თავში მუდამ სიტყვა "ევერესტივით” ჩამესმის.

მიმართვა ბიჭებს: სიყვარული კი არის ბრმა, მაგრამ ეს გარშემომყოფთა სიბრმავეს სულაც არ იწვევს.

3. "ხმაამაღლებული მობილურები”

"ხალხ, მე ეს სიმღერა მიყვარს და გირჩევნიათ, თქვენც შეიყვაროთ"

"არსებობს ერთი ასეთი ადგილი, სახელად ბაზრობა, სადაც იყიდება  ერთი ასეთი მოწყობილობა, სახელად ყურსასმენი, რომლის ერთი ბოლო მობილურში შედის, მეორე კი ყურის ნიჟარებს უკავშირდება” – მცირე ინსტრუქცია

თუკი მეტროთი ხშირად სარგებლობთ,  თქვენს ვაგონში ერთხელ აუცილებლად შემოვა  ვინმე ისეთი, ვინც თქვენი მგზავრობის  მუსიკალურად გაფორმებაზე იზრუნებს და ნეტარი სახიდან წამოსული სინათლით (მობილური ტელეფონის ყურზე მიდების და ტრიალის პარალელურად) თქვენც გაგასხივოსნებთ. რეპერტუარი, ძირითადად, რეპია და თან ისეთი დოღრიალა "რეპერები”, წამიერად "ripper”-ობის ("ripper” – მფატრავი) სურვილს რომ გაგიჩენთ.

მე კი, ყოველთვის მინდა მივიდე მასთან და ვკითხო: "უკაცრავად, რატომ გგონიათ, რომ თქვენი მწივანა მობილურიდან გამომავალი ბგერები ყველას სიგიჟემდე მოგვწონს?”–მეთქი, მაგრამ ნათქვამია: "შეგონებიდან შეგინებამდე ერთი ნაბიჯია”–ო და სამოქალაქო თვითშეგნების ამაღლებაზე ზრუნვა, ამდენ დავიდარაბადაც არ ღირს.

"სახლი მარტო საცხოვრებლად არ გამოიყენება"

4. "კარები იკეტება, შემდეგი სადგური…”

"არ არსებობს ლიფტზე უფრო არაჯენტლმენური გადასაადგილებელი საშუალებება, იქიდან პირველი ყოველთვის ის გამოდის, ვინც კართან ყველაზე ახლოს დგას”ეტიკეტური დილემა

მეტროში ერის პანიკა და ერის ნევროზი მატარებელში შესვლისას ყველაზე კარგად ჩანს. პანიკა – მაშინ, როდესაც გგონია, რომ მემანქანე ბეციანია და კარებს მგზავრთა გამოსვლისთანავე დაკეტავს, ნევროზი კი – მაშინ, როდესაც მატარებელში შეღწევას მუჯლუგუნებით ხალხის იქიდან გამოსვლამდე ცდილობ და მგზავრებს რატომღაც პირიქით ეჩხუბები: "ცოტა ფრთხილად ვერ გამოხვალ?”–ო.

ასეთ დროს, ყოველთვის მინდა, გავჩერდე და ვკითხო: "უკაცრავად, სულ სწრაფი იყავით თუ სულსწრაფი მერე გახდით?” – მეთქი, მაგრამ ამის გამო მატარებლის ზღურბლზე გაჩერება მცირეოდენ სახიფათოა. იქნებ და ის კაცი კარს მართლაც კეტავს.

5. "გემოვნებიანი”  VS "უგემოვნო”

"ადამიანები ორ ჯგუფად იყოფიან: ისინი, ვინც ყველაფერს ორ ჯგუფად ყოფენ და ისინი, ვინც არ ყოფენ” – ჯერემი ბენთჰემი

გე(სია)მოვნება

ზოგიერთებს საკუთარ შეფასებით უნარებზე ხშირად რეალურზე მაღალი წარმოდგენა აქვთ, ამიტომ ხშირად არც უფიქრდებიან, რომ როდესაც "ნანუკას შოუ უდიდესი გოიმობაა და მაგას ნეტავ ვინ უყურებსო”–ს ამბობენ ასეულობით სხვა ადამიანს აყენებენ შეურაცხყოფას. რა თქმა უნდა, ყველას აქვს უფლება საკუთარი "ჯანსაღი აზროვნებით” იამაყოს და არ მოეწონს რაღაც, რითიც "მასა” პურდება, მაგრამ გამოყენება ისეთი სიტყვებისა, როგორიც "გოიმი” და "უგემოვნო”–ა მაინცდამაინც აუცილებელი არ არის. მით უმეტეს, რომ ყველაფერი ამ სამყაროში მაინც ფარდობითია.

"ის ყოველთვის გემოვნებიანად იცვამს”, "მე გემოვნებიან მუსიკას ვუსმენ”, "შენ კარგი გემოვნება გაქვს, მირჩიე რა ვიყიდო” და სხვა მრავალი ფრაზა უკვე იმდენად არის გამჯდარი ყოველდღიურ მეტყველებაში, რომ ერთი სული მიჩნდება ამ "გემოვნებიან საზოგადოებას” ვუთხრა: "ლუძი, მე აღფრთოვანებული ვარ თქვენი გამჭრიახი გონებითა და ანალიტიკის ზებუნებრივი უნარით, მაგრამ გემოვნებაზე ასეთი ჩაციკვლითა და აპელირებით, თქვენ უფრო სასაცილო მეჩვენებით, ვიდრე ის ადამიანი წითელ "ნასკებზე” შორტი და წვეტიანი ფეხსაცმელი რომ აცვია”

6. "ბოდიში, რომ ასეთი რამ გაკადრეთ”

"ფოე–ფოე"

"თქვენმა მზემ რა” – გამოთქმა, სადაც "მზეს” უხეშ შემთხვევებში "ბებია” სრულფასოვნად ენაცვლება

მაია ასათიანს ცოტა ხნის წინ ჰქონდა ერთი ძალიან ცუდი  გადაცემა, როდესაც ცნობილ სახეებს "აკადრეს” და ორიოდე საათით გამყიდველებად, ოფიციანტებად ან (ღმერთო შენ დაგვიფარე) მეცხვარეებადაც კი ამუშავეს.  მთელი ეს რუბრიკა "ვაიმე, ბოდიში რა, ამგვარი რამ, რომ შემოგთავაზეთ” პათოსით იყო გაჟღენთილი (რუბრიკის გაჟღენთვა არც მე გამიგია, მართალია)  და წამყვანი ყოველ მეხუთე სიტყვაზე წუხდა იმის გამო, ბიჭოლას ლილოში კუნტრუში ("ხედავთ, სადამდე დაეცა?”) ან ნუკი კოშკელაშვილს ძროხის ჩამოწველა ("ძროხას რომ წველიდი, არ სტკიოდა?”) რომ მოუხდა.

რუბრიკის დასასრულს მაია ასათიანმა ბედნიერი სახით "სახალხო პროექტის ხალხში გასვლაზე” გვაუწყა. თუმცა, ალბათ, ვერ მიხვდა, რომ იმ დღეს "პროფილმა” საკუთარ აუდიტორიას ყველაზე მეტად დასცინა და გაჭირვებული ხალხის ცხოვრებაზეც მშვენივრად იხალისა…

"სვეტის” (პრინციპში სვეტისაც) პოზაში მყოფ ასეთ ადამიანებს ("ლილო–გლდანზე მოქირქილეებს) რომ ვხედავ, დიდი სურვილი მიჩნდება რომ მივმართო: "Hey, fashion society, მანქანის, iPhone–ის, უცხოელი დიზაინერების ორიგინალი ტანსაცმელისა და ბევრი სხვა რაღაცისგან განსხვავებით, "უბრალოება” ისეთი რამეა, რასაც ფულით ვერ იყიდით და ამისათვის არც "eurocard – mastercard”-ი არსებობს.”

7. "ჰეჰ, შე ბანძო, შენზე მეტი ვიცი” კომენტარები

"ყოველთვის გახსოვდეთ აინშტაინი"

ადამიანების დიდ ნაწილს უხარია, როდესაც საკუთარ ცოდნას ამჟღავნებს. შესაბამისად, ისინი ჩასაფრებულები არიან, რომ რაიმე შეცდომა დაუშვა, ან რაიმე ცუდად დაწერო. ხოლო, როდესაც ეს ღირსშესანიშნავი ფაქტი მოხდება, კრიტიკოსები სიამოვნებისაგან მაშინვე აცახცახდებიან, ხელის თითები აუთრთოლდებათ და ნახევარი სულიღა აქვთ იქამდე, რომ "ამ შეცდომაზე მითითების” პირველობა არავის დაუთმონ. თან, იმდენად ჩქარობენ კომენტარის დაწერას, არც კი უკვირდებიან, რომ მათ ვიღაცამ  უკვე დაასწრო და "ვან გოგმა მარჯვენა კი არა, მარცხენა ყური აითალა”–ო ირონიული ღიმილით შენიშნა.

ასეთი კომენტარები ტექსტის შინაარსს არაფრით უკავშირდება და აუცილებლად ";)” სმაილით ბოლოვდება ხოლმე, რითაც კომენტატორი საკუთარი სიბრძნის ფონზე ირიბად შენს "სიდებილეზე” მიანიშნებს. ამგვარი ქმედება კი ადამიანს ხშირად ისეთ სიამონებას ანიჭებს, რომ ალტრუისტებს შესაძლოა შეცდომების სპეციალურად დაშვების სურვილი გაუჩნდეთ (დაახლოებით ისე, არამწეველმა სიგარეტის კოლოფი რომ ატაროს და ქუჩაში შემხვედრს, იმედნარევი ხმით ნაკითხ: "სიგარეტი ხომ არ გაქვს?”–ოზე პასუხად ამაყად გაუწოდოს).

კატეგორია: გასართობი | დაამატა: gi2gi
ნანახია: 213 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]