მთავარი » ფაილები » გასართობი

“თავი გამანებეთ ყველამ” და “Skype”–ს სხვა სტატუსები
2011-02-27, 0:10 AM

"პოსტს ვწერ” – ჩემი "skype” სტატუსი სამი საათის წინ
"სამი საათის შემდეგ…”© "ჰოლივუდური” ფილმები

[აქ უნდა ყოფილიყო შესავალი სტატუსებსა და მათ ზოგადსაკაცობრიო მნიშვნელობაზე. თუმცა, შესავალის ამაო ძიების შემდეგ ისევ  გამოსავლის ძებნას მივყავი ხელი და საბოლოოდ, ფანტაზიის უსუსურობის მიჩქმალვა პირდაპირ პოპულარულ სტატუსებზე გადასვლით გადავწყვიტე]

1. "თავი გამანებეთ ყველამ” – მასობრივი ნუგეშისცემის სურვილით აღტკინებული პირის სტატუსი, რომელიც ინტრიგან და პროვოკატორ ადამიანში აუცილებლად აღძრავს შეკითხვას სასოწარკვეთილი ობიექტის "skype”-ში ყოფნის აზრისა თუ ფუნქციის შესახებ. ამგვარ სტატუსს, რა თქმა უნდა, რეფლექსურად მოსდევს მშმუშვნარ ("შმუშვნა” – უსიამოვნო მოლოდინით მოტივირებული ცმუკვა) ახლობელთა გულწრფელი ინტერესი, რომელიც ხშირ შემთხვევაში იწყება სიტყვებით: "რა გჭირს? :|ან "რა მოხდა, ე?”.

2. "მართლა არ მცალია” – მკაცრი ხაზგასმა იმისა, რომ  ”skype”–ს ლოგოზე არსებული წითელი ზოლი "ძერსკობით”, მოდის მიმდევრობით, ან მსგავსი ყოფიერი მიზეზით კი არა, ჭეშმარიტი აუცილებლობითაა განპირობებული.

3. "[იმ ერთის] გარდა არავინ მომწეროთ” – ინტრიგანისებრთა ოჯახის ფრაზა, რომელიც, როგორც წესი, პირადად არავის ეძღვნება და მხოლოდ სხვათა ცნობისმოყვარეობაზე ღიტინს ისახავს მიზნად, რაც ამავე სტატუსით დაწესებული აკრძალვის ხშირ რღვევაზე პირდაპირპროპორციულად აისახება კიდეც.

"კვერცხი თუ ქათამი?" (სერიიდან "პოსტთან რა შუაში ვარ სურათები")

4. ”Youtube”-ს ვიდეოს ლინკი – სადაც შესვლა ნებისმიერ საშუალო სტატისტიკურ მოქალაქეს (ეს დიდებული ტერმინი გვაქვს და უნდა მოვუფრთხილდეთ) ნებისმიერ ვარიანტში უნდა დაეზაროს. გამონაკლისია ის შემთხვევები, როდესაც ლინკს ბოლოში "ნახეთ, ძაან მაგარია” აწერია და თან ახლავს ზოგადსაკაცობრიო რეკომენდაცია "ყველას მიერ” მისი ნახვის აუცილებლობის შესახებ.

5. "საიტის მისამართი” – ძმის, მეზობლის, შორეული ნათესავის, პირადი მძღოლის, კლასელის დეიდაშვილის ან საკუთარი ვებგვერდის პოპულარიზაციის მარტივი გზა, რომელსაც ნებისმიერ ვარიანტში თან უნდა დაერთოს მინიმუმ ერთი საქებარი კომენტარი ("შედით, მართლა მაგარია”) და პოტენციურ მომხმარებელთა სკეპტიციზმის დამთრგუნავი თეზისი ("ვირუსი არ გეგონოთ”), რაც ქართული რეალობის რაციონალურ გამოძახილად შეიძლება ჩავთვალოთ.

6. "მიშა, რომ შემოხვალ მომწერე” – "skype”–ს სიის პერიოდული (და უშედეგო) აკეცვა–ჩაკეცვით შეღონებული ადამიანის დანაბარები, რომელიც იმედოვნებს, რომ სასურველი პიროვნება ქსელში შემოსვლისთანავე რატომღაც მეგობრების სტატუსებს ებრდღვნება და მისადმი არსებულ მიმართვასაც მყისიერად გამოეხმაურება [ილუსტრირებისათვის გამოყენებულია "ნატოს" "skype"–ს სტატუსი].

"დათვური სამსახური"

7. <– ჩემი [ვიღაც] – ამ შემთხვევაში ძირითადი დატვირთვა სტატუსის ნაცვლად ავატარზე მოდის, სადაც ჩვილობიდან თავდაღწეული ბავშვი, ან ძაღლობაში ფეხშემდგარი ლეკვია აღბეჭდილი. "ვიღაც”–ის ნაცვლად კი ხშირად გვხვდება ცხოველური წარმომავლობის ("გოჭი”, "გოჭუნა”, "ზღარბი”, "ციყვი”), ეგზისტენციალური ("სიცოცხლე”, "ცხოვრება”, "სიხარული”), კულინარული ("ჩასაყლაპი”, "შესახრამუნებელი”, "ჩასაკვნეტი”), ხავერდოვანი ("ფუმფულა”, "ღუნღულა”, "ფუშფუშა”) და ათასმაგვარი სიტყვები.

8. ” [მიშა] მაგარია” – ვისიმე განდიდების მიზნით შექმნილი სტატუსი, რომელიც ყოველგვარი არგუმენტის გარეშე ცდილობს თავისი აზრი ჩვენს დაბდურა ქვეცნობიერს მზაკვრულად შეაპაროს.

9. "დარჩა 10 დღე…” – სტატუსი, რომელმაც კალენდარზე წითელი X-ით გადახაზული რიცხვები, საკნის კედელზე ირიბი ხაზით გადაკვეთილი ვერტიკალური ჯოხები, ახალი წლის ღამეს უკუღმა დათვლილი ციფრები, "ჰოლივუდური” ბომბების წითელ ციფერბლატზე დარჩენილი წამები და მოლოდინის სხვა მეტამორფოზები ერთდროულად ჩაანაცვლა (შენიშვნა: დღეების კლებასთან ერთად სტატუსის გასწვრივ მხიარული სმაილების კასკადი აუცილებლად მატულობს)

10. "მიყვაარს :X” – გულსა და სამეგობრო წრეში ვერდატეული გრძნობის ვულკანური ამოფრქვევა, რასაც ტრფობის ობიექტის სურათი და რამდენიმე გულდამწვარი სმაილიც უნდა ახლდეს თან. ამავე კატეგორიის ქვეპუნქტებად შეგვიძლია მივიჩნიოთ: "მენატრებაა.. ;( " (მანძილ–მიზეზობრივი), "ვგიჟდები” (ფსიქო–მეტაფორული), "გენაცვალეე” (სიცოცხლე–შეწირვითი) და სიყვარულის გამომხატველი სხვა ლექსიკური ერთეულები.

11. "Is now listening…” – სტატუსი, რომელშიც ქვეცნობიერი მესიჯი – "ყველამ გაიგოს, რომ მე გემოვნებიან მუსიკას ვუსმენ” – არის ჩადებული. თუმცა, ყველაფერი ბაბილონის გოდოლივით შეიძლება ჩამოინგრეს მაშინ, თუკი ღმერთი გაგიწყრებათ, ცა შეგრისხავთ, ეშმაკი დაგლახვრავთ და შემთხვევით, მერაბ კაშიას, ან, მორის ჯანაშვილს ჩართავთ…

მიდი მერე და ამტკიცე, რომ "Pink Floyd” შენი საყვარელი ჯგუფია და "იავნანას” ნაცვლად ვივალდის მუსიკაზე ხარ გაზრდილი [ილუსტრირებისათვის გამოყენებულია ვანო მერაბიშვილის სტატუსი];

"რაო რაო?"

12. "არავინ მომწეროთ” – ტომ სოიერი ერთგან ამბობდა: თუ გსურთ ადამიანს რაიმე გააკეთებინოთ, პირობა დაადებინეთ, რომ ამას არასოდეს იზამსო. შესაბამისად, ეს ერთი შეხედვით პარადოქსული ("აბა სკაიპში რას აკეთებს?”ზემოხსენებული ინტრიგანი) ფრაზაც თავის თავში დიდ ფილოსოფიას მოიცავს;

13. "ლექსის ტაეპი/ ბრძნული ფრაზა” – ამონარიდი გალაკტიონის  (+ იმ პერიოდში აკვიატებული პოეტები) ნებისმიერი ლექსიდან და სიბრძნე, რომელიც აუცილებლად ინგლისურ (გამონაკლის შემთხვევაში – რუსულ და ნუ, თუ მაინცდამაინც "გოიმი ხარ” – ქართულ) ენაზე უნდა გადმოიცეს ("მიაგეთ ღმერთს ღმრთისა, კეისარს კეისრისა და კუს კუსი” – სიტყვა "კუსკუსის” წარმოშობის ვერსიები, ეტიმოლოგიური ლექსიკონი);

14. "შიდა ხუმრობა” – სტატუსის სახეობა, რომელსაც საფუძველი "Skype”-ს მიღმა ეყრება და სუბიექტის მიერ მხოლოდ საკვანძო სიტყვებით ("როგოო–ოორ?”, "ი, გაქრი შენა აჰანდე”, "Hey, man…”) გადმოიცემა. ასეთი ფრაზებისათვის უმრავლესობის მხრიდან, როგორც წესი, მასობრივი გაურკვევლობა და საჩვენებელი თითის საფეთქელთან აქტიური წრებრუნვაა დამახასიათებელი.

15. "სმაილები” – ეს ის შემთხვევაა, როდესაც ვერანაირ დეპრესიულ სტატუსს ვეღარ იგონებ და ხვდები, რომ "დავიღალე რა”– ძალიან გაცვდა, როცა არც "რაფაელო” გაქვს და არც არაფრისმთქმელი სიტყვები, როცა ბედნიერების გამოსახატად ლექსიკა არ გყოფნის და როცა უბრალოდ რაიმე განსხვავებულის დაწერა გეზარება.

სუბიექტის გრძნობათა სიმძაფრე კი ასეთი შემთხვევების დროს სრ–ებში (სმაილთა რაოდენობა – ახალი ერთეულია) შეგვიძლია გავზომოთ.

"რაფაელოს" სინონიმები

16. "მოვალ მალე” – სტატუსი, რომელიც მიუთითებს იმაზე, რომ სუბიექტი გაურკვეველი დროით ("მალე”–ც ფარდობითია) გაურკვეველ ადგილზე არის წასული და არავინ იცის (ღმერთის გარდა) უკან როდის დაბრუნდება. ფრაზის მიზანია აირიდოს დაგვიანებული მიწერით გამოწვეული ისეთი უკმეხობანი, როგორებიცაა: "პასუხსაც არ კადრულობს ეს იდიოტი!”, "წავიდეს ერთი…”, "თუ არც მომწერს” და მრავალი სხვა.

17. "გასული ვარ” – იმავე კატეგორიის დანაბარები, რომელიც გაურკვევლობის ხარისხით წინამორბედს ბევრად აჭარბებს და არც მინიმალურ მინიშნებას იძლევა იმისა, თუ როდის დაუბრუნდება უძღები (ან, მაძღარი) შვილი "skype” სამყაროს [ილუსტრირებისთვის გამოყენებულია ირაკლი ოქრუაშვილის სტატუსი]

18. "შედით [აქ და აქ] და ხმა მიეცით [ამას და ამას]” – აპრობირებული მეთოდია ბავშვთა სილამაზის კონკურსში – ბიძაშვილის პატარა გოგოს, მუსიკალურ შეჯიბრში – უბნის ბენდის, მოდელების შერკინებაში – შეყვარებულის დაქალის და ლიტერატურულ პაექრობაში – დამწყები (თან, რა თქმა უნდა, ნიჭიერი) შემოქმედის მხარდასაჭერად. თუმცა, ამგვარი თხოვნები უკვე ყელში იმდენად არის ამოსული, რომ მას ბოლოწვეთნაკლული მოთმინების ფიალისათვის ღირსეული კონკურენციის გაწევაც კი შეუძლია ("კიდევ კარგი ის პერმანენტული ქვა მაინც არსებობს, მადლს მომავალში ისევ უკან დასაბრუნებლად რომ იტოვებს ხოლმე”ქართველი ანდაზთმკვლევარი)

პ.ს:   – დამპირდით, რომ არასოდეს დამეხმარებით ”Smart” კლუბის კონკურსში გასამარჯვებლად, არასოდეს შეხვალთ ამ ლინკზე (http://apps.facebook.com/smartblogger/list.php), არასოდეს მომძებნით სიაში (ბექა ადამაშვილი) და "like”-საც არასოდეს დააჭერთ ხელს


კატეგორია: გასართობი | დაამატა: gi2gi
ნანახია: 208 | რამოტვირთვები: 0 | კომენტარი: 2 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]