2011-02-27, 0:29 AM | |
"ადამი ბედნიერი იყო, რადგან როდესაც თავში რაიმე სასაცილო მოსდიოდა, შეეძლო დარწმუნებული ყოფილიყო იმაში, რომ ის არავის ხუმრობას არ იმეორებდა” - მარკ ტვენი როგორც ზღაპრებში იტყვიან ხოლმე, ადამის შემდეგ ბევრმა წყალმა (და ერთმა წარღვნამაც) ჩაიარა. ადამიანებმა გამრავლების ტექნოლოგიებს თანდათანობით ალღო აუღეს და ხუმრობა-ხუმრობაში მათმა რიცხვმა – თუ გავრისკავთ და სტატისტიკას ვენდობით – ექვს მილიარდს გადააჭარბა. ამის გამო, თითქმის წარმოუდგენელია მოიფიქრო ისეთი ხუმრობა, რომელიც მილიარდობით ადამიანიდან თავში ჯერ არც ერთს არ მოსვლია. შესაბამისად, ხალხის დიდმა ნაწილმა სიზიფეს შრომაზე უარი განაცხადა, უკვე არსებული ხუმრობები აიტაცა და სხვადასხვა სიტუაციას მოარგო. მაშ ასე. თქვენს წინაშეა, უკანასკნელი წლების ყველაზე პოპულარული გამონათებები იუმორის სფეროში: "რამხელა ხარ… ბავშვობაში წყალს გისხამდნენ/სასუქს გიყრიდნენ?” - ადამიანის ორგანიზმში ზრდის ჰორმონების მოჭარბების აგრარულ-ბოტანიკური განმარტება; "რამდენს ლაპარაკობ, ბაქო-ჯეიჰანზე ხარ შეერთებული?” - გულწრფელი გაკვირვება თქვენი ენის უწყვეტი მოძრაობისა და ფარული შური თქვენივე სატელეფონო ანგარიშის უსაზღვრობის გამო; "შემოვდგი ფეხი, დაგეცეთ მეხი” – "გული-სული", "სიყვარული-სიხარული” და "ბალახი-ტალახი"-ს რითმის შემქმნელების მიერ დამკვიდრებული ხუმრობა, რომელიც მეკვლის პაროდირებისას გამოიყენება. "ნუ გეშინია… მეც მეშინია” - ხუმრობა, რომელიც ერთი სიტყვით შეგვიძლია დავახასიათოთ, როგორც "პანიკა”; განსაკუთრებით ბევრია ხუმრობა სხეულის სხვადასხვა ნაწილებზე. დავიწყოთ თავიდან:
"გაიწიე, გამჭვირვალე ხარ?” – მითითება ტელევიზორსა და თქვენ შორის ჩამდგარი პირისადმი იმაზე, რომ მისი სხეულის ატომები ერთმანეთთან მეტისმეტად მჭიდროდ არიან დაკავშირებული. (შემცვლელი ფრაზა: "მამაშენი მეშუშეა?”, რაც "წეროსა და ბავშვების მითს” კიდევ ერთხელ უპირისპირდება); "შენ ოპერასთან არ გაიარო, თორემ უეჭველად შეგათრევენ” – ნამუსზე ასაგდები ფრაზა პირისა, რომელსაც ჰგონია, რომ ხორხებიდან დიდებული ხმა ამოსდის; "სპილომ/დათვმა/დინოზავრმა (და ყოველივე მძიმე ტორის მქონე არსებამ) დაგაბიჯა ყურზე?” - "გეგმა B” იმ შემთხვევისათვის, თუკი ზემოთხსენებული ფრაზა ნამუსის მანიპულირებისათვის საკმარისი არ აღმოჩნდება. "ისეთი ძუნწია, ზამთარში თოვლს არ მოგცემს” – მეტაფორული შედარება, რომელიც მთლიანად თოვლიან რეალობასაა მორგებული და მაგალითად აფრიკაში, მხოლოდ დაბნეულობას გამოიწვევს. "შენი შვილი ტყეში დარბის” – მითითება იმაზე, რომ მოსაუბრეს აღმზრდელობითი ფორმის "შვილო”-ს ნაცვლად სახელით უნდა მიმართო; "შენ უეჭველად ღადოს კურსებზე დადიოდი” – მინიშნება იმაზე, რომ ვიღაცის იუმორის გრძნობა საყოველთაოდ საგრძნობი არ არის. ექვივალენტურია ფრაზისა: "სად გავიცინოთ?” "სახლში იციან აქ რომ ხარ?” – თანაგრძნობითი მიმართვა პირისადმი, რომელმაც რაღაც სისულელე თქვა, ან, ჩაიდინა და ამას მის გარდა ყველა მიხვდა; "დაგშლი მარტივ მამრავლებად” – წმინდა მათემატიკური მუქარა, სადაც მოძალადე აგრესიასთან ერთად ალგებრის სიღრმისეულ ცოდნასაც ამჟღავნებს; "რას მირტყავ, შენი გაზრდილი ვარ?” – პროტესტი იმაზე, რომ მოძალადეს საცემ ობიექტზე ამგვარი ქმედების განხორციელების არანაირი აღმზრდელობითი უფლება არ გააჩნია; "დაგარტყამ და გაგაფრენ ამერიკაში” – იმდროინდელი მუქარა, როდესაც ამერიკა მიუწვდომელ კონტინენტად და ოცნების ქვეყნად მიგვაჩნდა. ეს სიშორე კი ჩვენს წარმოდგენას ჩვენივე ძალებზე კიდევ უფრო აზვიადებდა; "სანამ შენ მაგას იზამ, ვირი ქოშებით ხეზე ავა” – ფრაზა, რომელიც ადრესატის სიზანტეზე მიუთითებს და ამ თვისების გასამძაფრებლად საქმეში "ქოშებსაც” კი რთავს. "რა გჭირს, მოისვენე, შვიდთვიანი ხარ?” – ფრაზა, რომლითაც შვიდთვიანების დისკრიმინაციას ახდენენ და მათ ღრმა ბავშვობაში გამოვლენილ თვითუნებურ სისწრაფეს არ პატიობენ. "თავი ისე იგრძენი, როგორც საკუთარ სახლში” - აღნიშნული ხუმრობა მხოლოდ მაშინ იძენს აზრს, როდესაც ის მასპინძლის მიმართ გამოიყენება და თან თავშეუკავებელი ხორხოცი მოსდევს; "ხელები მაღლა, ტრუსიკი დაბლა” – პორნოგრაფი ტერორისტის მიერ დამკვიდრებული ხუმრობა, რომელიც ადამიანებს სწრაფი სტრიპტიზისაკენ მოუწოდებს. დიალოგები -
10 ლარი ხომ არ გაქვს? -
ბიჭო! -
ვაკეში გიორგის იცნობ? -კოზირი?
მინი – ფრაზები
ხუმრობათა ჩამონათვალმა კი ამასობაში უკვე არასახუმარო მოცულობას მიაღწია და სანამ თქვენი მოთმინების ფიალის სიღრმეზე შექმნილი წარმოდგენა შემომმსხვრევია, სჯობს დასკვნითი წერტილი დავსვა. | |
ნანახია: 1270 | რამოტვირთვები: 0 | |
სულ კომენტარები: 0 | |