მთავარი » ფაილები » გასართობი

Must do It – ათი ფრაზა, რომელიც სიცოცხლეში აუცილებლად უნდა თქვა!
2011-02-27, 0:31 AM


"შენ არ გინდა, ზურიკელას უნდა"

"გემოვნებაზე არ დაობენ… მის გამო ერთმანეთს ცემენ, ლანძღავენ და ეომებიან” - მარკ ტვენი

"იდავე გემოვნებაზე და "ვნების გემოს" ძალიან ხშირად შეიგრძნობ”უცნაური გემოვნებისა და სუსტი აღნაგობის მქონე ნაცემი მამაკაცი

ჩვენ, ერთდროულად, უნდო და "უნდა” სამყაროში ვცხოვრობთ.
ანუ, დედამიწაზე იბადებიან მწერლები ("მაგალითად თ. დოსტოევსკი” – "გემოვნებიანი ლიტერატორის” ჩართვა), რომელთა ნაწარმოებები აუცილებლად უნდა წაიკითხო; იქმნება მუსიკალური კომპოზიციები ("M.J-ს ნებისმიერი”ერთ–ერთი კერპთაყვანისმცემელის ჩართვა), რომლებიც მათი შემსრულებლის სიკვდილის მიუხედავად, მაინც "უსიკვდილოდ უნდა მოისმინო"; მზადდება ფილმები ("რომელი ერთი ვთქვა?! აი, თუნდაც "შინდლერის სია”… კლასიკაა, ღმერთმანი” – შარფშემოხვეული კრიტიკოსის ჩართვა), ყველა მიზეზგარეშე რომ უნდა გქონდეს ნანახი და ბოლოს – არსებობენ ადამიანები, რომლებიც ჯერ ამ "უნდა”–ს საკუთარი გემოვნების მიხედვით განსაზღვრავენ, შემდეგ კი "გოიმობის” იარლიყის მიკერების მუქარით საკუთარ აზრს თავზე სხვებსაც უპრობლემოდ ახვევენ.

შესაბამისად, დასაწყისში ნახსენები უნდობლობაც (ზოგიერთების გემოვნებისადმი) მავანთა მხრიდან ზუსტად ამ "უნდა”–სადმი უ(ნ)დიერად მოპყრობის, ან, რბილად თუ ვიტყვით, მისი "მაგრად დაკიდების”  შედეგია. თუმცა, სულაც არ ვაპირებ, რომ გავრცელებულ ტენდენციას ავყვე და სნობისტური სახით, რაღაცის არცოდნის გამო თქვენს დამუნათებას (ამ სიტყვის გამოყენება თავისთავად რაღაც სნობურ ელემენტებს უკვე ისედაც შეიცავს) შევუდგე. პირიქით, გადავწყვიტე, სამყაროსეული "უნდა”–ტენდენცია შედარებით გამემარტივებინა და მინდა, ის რამდენიმე საკულტო ფრაზა შემოგთავაზოთ, რომელიც ჭეშმარიტმა ქართველმა ცხოვრებაში მინიმუმ ერთხელ მაინც უნდა თქვას:


"თანამედროვე ძველი რომი"

1. "ნ თუ ლ?”

"მოდი, ზაფხულის ერთ–ერთ თვეს ჩემს სახელს ვუწოდებ, რადგან არ მსურს მომავალში დავიწყების "ლუკმა” შევიქმნა” – თვალებგაბრწყინებული იულიუს კეისარი

"გემრიელი სალათია… მაგრამ ეს ცეზარი ვინ ოხერი იყო?”გამაძღარი ქართველი

"მე რა, ზანგი ვარ?!” – იმპერატორი ავგუსტუსი

იულიუს კეისარი ვისთვის ბრუტუსის, ვისთვის კი – საკუთარ საკბილოსთან ასოცირდება და მხოლოდ ცოტა თუ არსებობს ისეთი ადამიანი, ვისაც "ივლისის” გაგონებაზე, მომავალი შვებულების ნაცვლად რუბიკონზე მოთხლაშუნე ეს რომაელი შეიძლება გაახსენდეს. არადა, "ივლისი” "ივნისს” სწორედ იულიუს კეისრის გამო ჩამოჰგავს  ასე საშინლად და უზარმაზარ სურვილსაც აჩენს იმისა, ავგუსტუსის მიბაძვით, "ივნისისათვის” საკუთარი სახელის დარქმევის პრეტენზია კიდევ ერთ რომაელს რომ გამოეთქვა. ჯერ ერთი "ანტონიუსი (კრასუსი, მარკუსი, ავრილი…), ივლისი, აგვისტო” უფრო ეგზოტიკური ჩამონათვალი იქნებოდა და მერე მეორე – ამგვარად ჩვენი ყურების გამართული ფუნქციონირებისადმი შესუსტებულ რწმენასაც მარტივად განვიმტკიცებდით. თორემ, სხვა მხრივ, უკვე ტრადიციაა, რომ "ივნისის” ან "ივლისის” გაგონებისას, თვის დაზუსტების მიზნით საკვანძო ასოს ცალკეული გამეორება დაჟინებით მოითხოვო.

2. "იყავი ის, რაც ხარ”

"იყავი ის, რაც ხარ
იყავი ის, ვინც იყავი
არ გინდა ნიღაბი…” –
ლექს–სენის შემოქმედებიდან

პოპულარული (და ხშირი გამოყენებისგან უზომოდ გაცვეთილი) ფილოსოფიური რეკომენდაციაა, რომლის უნიკალურობასაც მისი ”ყველანაირ სიტუაციასთან თავსებადობა” განაპირობებს. იგი შეიძლება გამოიყენოს ედვარდმა, როდესაც ბელა დაკბენას  მოსთხოვს ("დაბინდული” განმარტება); ოქროს თევზმა – როდესაც რომელიმე მეთევზე ბრედ პიტად გადაქცევის სურვილს ჩაუთქვამს;  სოკრატემ – როდესაც მას "საკუთარი თავის შეცნობის” რეცეპტზე შეეკითხებიან; დონ დიეგომ (ან, სანტოსმა), როდესაც აღმოაჩენს რომ მისი "გულის მურაზი” სინამდვილეში დამლაგებელი კი არა, მილიარდელის მემკვიდრეა და ა.შ.  


3. "ეგ (კონკრეტული სახელი) რომ კლდიდან გადახტეს, შენც უნდა გადაყვე?”

ინდივიდუალიზმის მხარდასაჭერად შექმნილი ყველაზე სიტყვამხურვალე ფრაზა, რომლითაც მავანს ვისიმე მიბაძვის  უმცირეს სურვილსაც კი ბრუტალურად, ჩანასახშივე უკლავენ. ეს გამოთქმა, სავარაუდოდ, მას შემდეგ დამკვიდრდა, რაც ყორღანაშვილის მეგობრები თუ ნათესავები სიტუაციის ამგვარი ჰიპერბოლიზებით ერთმანეთის ნუგეშისცემას ცდილობდნენ.

4.  ”არ წაიღო!”

უხამსი ქვეტექსტის მქონე ფრაზა. მისი საშუალებით ინდივიდი გამოხატავს აბსოლუტურ თავდაჯერებას იმისა, რომ შეტევაზე მუქარით გადმოსულ პირს მისი კასტრაციის არანაირი შანსი არ აქვს. მართალია, ამ ორ უბრალო სიტყვაში არ კონკრეტდება ის, რასაც მათი მთქმელი ასე გულმოდგინედ იცავს, მაგრამ ჟანრი, რომელშიც აღნიშნული "უწმაწური გამონათქვამი” ხშირად გვხვდება, სხეულის ამ ორგანოს უთქმელადაც განსაზღვრავს.

5. "ორი ცალი რომ ვიყიდო, რამდენს დამიკლებ?”, "ბოლო ფასი რა არის?”

"რა საერთოა ქართველსა და აუქციონერს შორის?” – გამოცანა

პროდუქტის საწყისი ფასი ჭეშმარიტ ქართველსაც არასოდეს აწყობს და დიპლომატიურ ომში გამყიდველისათვის, თუნდაც ერთი ლარის წასაგლეჯად ყოველთვის დაბეჯითებით მუშაობს. თუმცა, თავის მხრივ, გამყიდველიც ქართველია და ფონს გასვლას საკუთარი სანათესავოს (ძირითადად კი შვილის) ამოწყვეტა–გადაშენების ფონზე ცდილობს. აქვე, იგი აუცილებლად იყენებს ისეთ ფრაზებს, რომლითაც საკუთარი მოგების მიზერულობაზე წუწუნებს და მყიდველს გა-და-მყიდველებთან ვაჭრობის კონფედენციალურ დეტალებსაც ("ამა და ამ ფასში მაქვს აღებული მე თვითონ”) თავისუფლად უმხელს.  


"ერთი ანძა ორ ეიფელს უდრის და ზედმეტი "ნძ"–ც კი რჩება"

6. "შენ არ იცი თბილისის ანძა ეიფელს რომ სჯობია?!”

თავის დასამშვიდებელი ეს გამონათქვამი ქართულ ფრაზეოლოგიაში ერთი ფრანგი გოგონას ავხორცული (უზნეო) ქმედების ამსახველი კლიპის მეშვეობით გამოჩნდა ( ჟანეტის გარყვნილება გამოიხატებოდა იმაში, რომ [ის უსირცხვილო] ერთდროულად ოთხ ბიჭს ეპრანჭებოდა და თან, როგორც კადრებიდან ჩანს, ქმარიც ჰყავდა – ავტ.შენიშვნა). აღნიშნული სიმღერის მეოხებით კი ყველა, ვინც თბილისსა და პარიზს ერთმანეთს ადარებს, ან,  უბრალოდ ეიფელის კოშკსა, თუ, სატელევიზიო ანძაზე ალაპარაკდება, ამ ფრაზას მინიმუმ – გაიფიქრებს და მაქსიმუმ – ეროვნულმოტივებშემოწოლილი აღმოთქვამს კიდეც.

7. "მაგის ყურებას "სვარკის” ყურება მირჩევნია”

"სვარკის” შეუიარაღებელი თვალით ყურება, მზის დაბნელებით უსათვალოდ ტკბობის ტოლფასია” – ლაქლაქა ოკულისტი

მეტაფორული ხუმრობა, როდესაც საცქერი ობიექტის უგვანობის სიმძაფრეს, საკუთარი თვალების მსხვერპლად შეწირვის დაუოკებელი სურვილით აბალანსებენ. თუმცა, საქმე საქმეზე რომ მიდგება, (ორი "საქმის” არსებობის მიუხედავად) მეტი საქმე მაინც არავის ექნება, რომ თავისი დაჟინებული მზერა "სვარკას” მიუძღვნას.


"ცხოველური" რასიზმი

8. "ჩვენ რა, ზანგები ვართ?!” (ილუსტრირებისათვის იხ. დასაწყისი)

ურასისტულეს ხუმრობათაგან ერთ–ერთი. მისი გამოყენებისას ადამიანი უშვებს იმის ალბათობას, რომ იგი აფროამერიკელებთან შედარებით გარკვეული პრივილეგიებით უნდა სარგებლობდეს. განსაკუთრებით აქტუალური გახდა მას შემდეგ, რაც მისმა აღმატებულება საქართველოს კომიკოსმა კბილების დროულად და მყისიერად გამოყენება ვერ შეძლო.

9. "მთავარია, ბავშვი იყოს ჯანმრთელი/მეზობელს არ ჰგავდეს”

ა) იდეალური გაგრძელება ეპოქალური ნუგეშისცემისა: "ყველაფერი კარგად იქნება”.
ბ) მეზობლობის წმინდათაწმინდა ტრადიციის დაურღვევლობით გამოწვეული სიხარული.
გ) შესანიშნავი ილუსტრირება სიტყვებისა: "მეზობლის ქალს ხელს ნუ ახლებ, ისიც შინაურიაო”

10.  არ გინდოდა რძე და ყველი?!

სიტუაცია, როდესაც რაღაცაზე აღშფოთებული პიროვნება ამ აღშფოთების გამომწვევ მიზეზს ტუქსავს. ანუ, მზაკვრული ღიმილით  მის მიერ დაშვებულ შეცდომაზე მიუთითებს, წარსულის ტკბილი განვითარების პერსპექტივებს უნგრევს და აწმყოში ისეთ მენიუს სთავაზობს, რომ თქვენი მახსოვრობის იმედად, მის საჯაროდ გამოტანას მაინც მოვერიდები.

პ.ს: თუკი თქვენს ბაგეებს ამ "must-სათქმელ” ფრაზათაგან რომელიმე ჯერ კიდევ არ გადმოსდენია, ნუ შეშფოთდებით! როგორც ერთი, ამჯერად უკვე "მსოფლიო საკულტო ფრაზა” იტყოდა: დღეს, თქვენი დარჩენილი ცხოვრების პირველი დღეა!


კატეგორია: გასართობი | დაამატა: gi2gi
ნანახია: 218 | რამოტვირთვები: 0 | კომენტარი: 1 | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 1
  • mariSpam 2011-06-05

    auu myidvelis da gamyidvelis diplomatiuri omi...xshirad shevswrebivar:D:D

  • კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
    [ რეგისტრაცია | შესვლა ]