მთავარი » ფაილები » გასართობი

მოდის მოდაა მოდაში
2011-02-27, 0:09 AM

"ერთგვარი მოდა"

"ჩემი მოდა ჩემივე კომოდით შემოიფარგლება” – დარდიმანდი და არამოდური ადამიანი

მოდის ცნება ჯერ კიდევ ძველი წელთაღრიცხვიდან მოდის. ასე მაგალითად, ზეზვასა და მზიას მომთაბარე ცხოვრებისას ცხოველების ტყავი ან ბეწვი იყო მოდაში (ამ მხრივ, ადამიანი დღემდე ვერ განვითარდა), ქრისტეფორე კოლუმბის ეპოქაში – რუკების პერიოდული "refresh”–ი, თემურ ლენგის მოღვაწეობისას – საქართველოს დაპყრობა, "მირკის” ზეობისას – "ჩატში” "Hi All”-ით შესვლა და "Bye all”–ით დამშვიდობება, შევარდნაძის მმართველობისას – სანთლის გამაგრებული ნაღვენთების სანთელშივე ჩაწვით თავის შექცევა და სხვა მრავალი.

თუმცა, დღეს საქართველოში უკვე სრულიად ახალი – "მოდების მიმდევრობის” – მოდა შემოვიდა ("ფობიოფობია” რომ შიშების ქონის შიშია, დაახლოებით ისეთი).

მოდა – ის, რასაც ერთდროულად ბევრი ადამიანი მისდევს (და ზოგიერთი უსწრებს კიდეც)
მოდის მოდა – ქვეცნობიერი ინტერესი იმისა, თუ სად "მირბის” ამდენი ადამიანი

სჯობს, ისევ მაგალითები დავიხმაროთ:

"პაპარაცი"

ა) "ვაჰ, დრონი დრონი ნაგემნი მტკბარად…” – პოლაროიდი

გეკიდოს კისერზე ფოტოაპარატი და ფეხებზე – ფაქტი, რომ სურათის გადაღება არ იცი, უკვე მიღებული პრაქტიკაა. ასეთ დროს, რაც უფრო გრძელი გაქვს, საზოგადოების თვალში მით უფრო მეტად ფასობ ("ობიექტივს” ვიგულისხმობ, რა თქმა უნდა). მთავარია, რომ სურათის გადაღებამდე ფოტოაპარატი თვალთან წარბშეჭმუხნული სახით მიიტანო, უზომოდ დიდხანს ატრიალო და ღილაკზე თითის დაჭერის წინ სამ-ოთხჯერ ჩაიკუზო, ასფალტზე გაწვე, ბურთი აკენწლო, თავზე ფეხი შემოიდო, პროტეზი გამოიღო და ჭიქაში ჩადო, დედის წინ მორბენალ კვიცს გადაუსწრო, ნემსი აქლემიანად მოიპარო, ზოგი ჭირი შეირგო ან ათასი მსგავსი ქმედება ჩაიდინო. ამგვარი ქცევა კი ირგვლივ მყოფთ აფიქრებინებთ, რომ თქვენ თქვენი დონით ”უბრალო ჩამჩხაკუნებლებზე” ბევრად მაღლა იმყოფებით.

ბ) "სიტყვა "ყველა”–ს ყველა შეცდომით იყენებს” – ასევე შემცდარი ადამიანი

"ყველას” სახელით რაიმეს დაჟინებული მტკიცების მოდაც უკვე უკვდავბას ეზიარა. მე კი ყოველთვის მაინტერესებს ხოლმე, რა სტატისტიკის საფუძველზე მსჯელობს ადამიანი, რომელიც ვიღაცას უმტკიცებს, რომ "მთელი თბილისი”, "მთელი სანათესავო”, "ფალიაშვილის ქუჩის მთელი ძაღლები” და "ბებიამისის მთელი სადაქალო” "მასთან" ან "მის გვერდითაა", რომ რომელიღაც უცხოელი მომღერალი, ან ჩვეულებრივი ფილმი "ყველასათვის საყვარელია”, რომ ნებისმიერი ჭორი რეალობაა, რადგან "ყველა ამას ამბობს”, რომ "ყველა გადარეული მაინცდამაინც მას უნდა გადაეკიდოს”, რომ "ყველა კითხულობს კვირის პალიტრას”, რომ "ყველა გზა რომში მიდის” და ასე შემდეგ.


ყველა არ კითხულობს "კვირის პალიტრას"

თუმცა, ამ სიტყვის გამოყენება რიგ შემთხვევებში მაინც გამართლებულია. მაგალითად კი, ისეთი გამოთქმებისას, როგორიცაა:

  • "ყველამ თავის საქმეს მიხედოს” (სადაც მავანი "საქმე”-ს ზოგჯერ ერთი მეტად არამკითხე ორგანოთი ანაცვლებს, ან იგივე აზრს ვისიმე მამიდის მრუშობაზე არაპირდაპირი მითითებით გამოთქვამს)
  • "ღმერთის წინაშე ყველა თანასწორია” (უნივერსალური გამოთქმა, რომელიც ჭეშმარიტებას უცხოპლანეტელების არსებობის შემთხვევაშიც კი შეინარჩუნებს)
  • "ყველა კაცი ერთნაირია” (ეს უბრალოდ ქალებს რომ მაინც ვერაფერს დაუმტკიცებ და სჯობს დანებდე, იმ ლოგიკით).

გ) "დიდი დეპრესია” – დღეს ახალგაზრდებში დეპრესია და სამყაროსადმი ნიჰილისტური დამოკიდებულება ისეთივე მოდური გახდა, როგორც უნივერსიტეტების წინ სიგარეტის ჯგუფურად მოწევა, მაიკები წარწერით "I NY”, "facebook”-ზე "fan-page”-ს გახსნა და მყისიერი მიგდება, საუბარში ინგლისურიდან ნაწარმოები სიტყვების არარელევანტური გამოჩხერა, იაპონელი მწერლებით აღფრთოვანება, მეტროს წინ ვიღაცეებისთვის სავაკანსიო ფურცლის გამორთმევა და დაჭმუჭვნა, საქართველოს საფეხბურთო ნაკრებით გაოცება და სხვა მრავალი.

"როდესაც დეპრესია მოგაწვება – გაიხსენე სიზიფე"

ოღონდ ის, რასაც ჩვენ ამ შემთხვევაში "დეპრესიას” ვეძახით, მისგან ისეთივე განსხვავებულია, როგორც და ვინჩის "საიდუმლო სერობა” – ერთი თანამედროვე ქართული კრებულისაგან.  ჩვენეული დეპრესია ხანმოკლეა და ხშირად საკუთარი უბედურებით მაზოხისტური ტკობობის გარდა, მიზნად სხვას არც არაფერს ისახავს.

"მდაჰ, დეპრესიისგან საბოლოო განკურნებისათვის ნუგეშის, თაყვანის ანდაც უბრალოდ ცემაა საჭირო” – ზარმაცი ფსიქოლოგის დასკვნა

დ) "აბა ლიტკაფეში მნახე, ვინა ვარ…”

"შარლ პერო მომეცით, თუ შეიძლება” – ლიტერატურული კაფე მეოცე საუკუნეში
"შარლ, პერო მომეცით, თუ შეიძლება” – ლიტერატურული კაფე ოცდამეერთეში

შარლი, რა თქმა უნდა, ბოდლერის საპატივსაცემოდ. აი, მოდა კი ძირითადად  "მო(რ)და” (a.k.a "face”) საზოგადოების მასშტაბითაა პეროგადგმული. სხვა თუ არაფერი, უბრალოდ კარგი ტონია, რომ ლიტკაფეში შთაგონებული სახით იჯდე, ერთი ნაჭერი ნამცხვრის ორმოცდაცხრა წუთიან "ციცქვნას” "11 წუთიანი” კოელიო დააყოლო და ფორთოხლის წვენის წრუპო იქამდე, სანამ საწრუპის მეორე ბოლო ფსკერის სიცარიელის გამოისობით ქშუტუნს არ დაიწყებს.

"დრონი მეფობენ და არა კოელიო"

მთავარი ისაა, რომ ბოდლერს (რა გადავეკიდე) ლერის ბოდვისაგან (ვინმე ასეთი მწერალიც გვეყოლება) ვარჩევდეთ, ნებისმიერი სხვა უცოდინრობა კი ჩვენს "პრეტენზიულ გემოვნებას” თავისუფლად შეგვიძლია შევახოცოთ.

ე) "დამილაიქე”

  • "ლაქლაქი” = "Lack Lucky” – გულზე ხელის დაკრეფვის მოწინააღმდეგე ადამიანი
    "საქმე ლაქლაქის ნაცვლად” – "like”-ბზე მონადირე "facebook”-ელი
  • "like like & like” – ლენინის მწნილი
  • "რაში მანაღვლებს IQ?
    like
    გინდა? like you…” – ნიჰილისტი facebook-ელი
  • დააგროვე ანაბარი და მიიღე მოგება – "საქართველოს ბანკი” ერთი წლის წინ
    დააგროვე "like”–ები და მიიღე მოგება – "საქართველოს ბანკი” ერთი წლის შემდეგ

პ.ს: "ვიღაც ბლოგერთა ექსკურსიებმა როგორ უნდა მაჯობოს, კაცო?!” – გაკვირვებული ჯეი ჯეი აბრამსი "ბლოგერების ექსკურსია #8″–ის შემდეგ.



კატეგორია: გასართობი | დაამატა: gi2gi
ნანახია: 147 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]